დღეს პარლამენტში, პლენარულ სესიაზე უმაღლესი განათლების რეფორმა მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივა უმაღლესი განათლების მოდელზე გადასასვლელად სამართლებრივ ბაზას ქმნის, რაც ბაკალავრიატის სამწლიან სწავლებასა და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესიც, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.
ამასთან, იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესიც. ცვლილებებია დაფინანსების ნაწილშიც – სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სწავლა უფასო ხდება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს – 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. თუმცა მათ, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება არ შეეხებათ და ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე გრანტს შეინარჩუნებენ.