უმაღლესი განათლების რეფორმა 

12:23, 08.12.2025

პარლამენტის ბიუროს სხდომას უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა 15:00 საათზე წარედგინება. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატები მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ. ინიციატივა სამართლებრივ ბაზას ქმნის უმაღლესი განათლების 3+1 და +1 მოდელზე გადასასვლელად, რაც სამწლიან ბაკალავრიატის სწავლებასა და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.

იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესი, იზრდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და იგეგმება რამდენიმე მიმართულების რეგიონულ უნივერსიტეტებში გადანაწილება. ასევე ცვლილებებია დაფინანსების ნაწილში – საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება უფასო გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მომდევნო წლიდან ყველა სტუდენტს, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარებს და გადალახავს არსებულ ზღვარს, უმაღლეს განათლებას სახელმწიფო დაუფინანსებს.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს – 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. თუმცა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება არ შეეხებათ და ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე არსებულ დაფინანსებას შეინარჩუნებენ.

 

მსგავსი