უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი უარს ამბობს, კომენტარი გააკეთოს იმ ჩანაწერზე, რომელიც უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევაწელმა“ გამოაქვეყნა. ჩანაწერში, სადაც, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილის ხმა ისმის, ყოფილი დიპლომატი ერთ-ერთ პირს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის შემადგენლობაზე ესაუბრება და უკმაყოფილებას გამოთქვამს საარჩევნო სიის გამო, რადგან პარტიაში არ არის ახალი სახეები და სია, რომელიც მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დააკომპლექტა, მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის და ასევე როგორც ამომრჩევლისთვის, მისაღები არ არის.

ობოზრევაწელმა“ გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა. აღნიშნულ ჩანაწერებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კომენტარი არ გაუკეთებია. სალომე სამადაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ჩანაწერების გავრცელება ნიშნავს იმას, რომ ხდება უკანონო მოსმენა და ის ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ მისიებს მიაწვდის.

არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ. თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებზე გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, დაფიქსირდა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები.

მოამბე – დღის თემა