უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი

გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის კანცელარია. ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების სია, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ შედგა, მოიცავდა სამ „ირის-ტე“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო ბატარეას რაკეტებით, პეტრიოტის რაკეტებს, ათ ჰაუბიცას და საარტილერიო საბრძოლო მასალას. გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დამატებითი დახმარების საჭიროებას ასაბუთებენ იმით, რომ კიევის გადაუდებელი საჭიროებების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან რუსული შეტევის გაძლიერების გამო, ბოლო თვეებში უკრაინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.