უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედროების, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის წარმომადგენლებისა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების მიერ უკანონო მიგრანტების კონცენტრაციის ცალკეული ადგილების დამუშავების დროს დააკავეს.

„შეთანხმებული უწყებათაშორისი სამუშაოების ჩატარებისას, საზოგადოებრივი კვების ერთ-ერთ დაწესებულებაში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მოქალაქეობის არმქონე პირი სააკაშვილი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და ის პოლონეთში გააძევა. პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ  მიუხედავად  მისი უკრაინიდან გაძევებისა, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება. თავად სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და ამჯერად ამას ლეგალური გზით აპირებს.

სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის მმართველი გუნდის წარმომადგენელმა.