უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ გაავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. სამაგიეროდ, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს. მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება,ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით“ – წერს ოლეგ ნიკოლენკო.