უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ყირიმის ანექსიამ რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის გაზრდას ხელი შეუწყო

“ყირიმის ანექსიამ რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის გაზრდას ხელი შეუწყო,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს განაცხადა.

პაველ კლიმკინი შიშობს, რომ სევასტოპოლში მდებარე საკვლევი ბირთვული რეაქტორი და რადიონუკლეიდური წყაროს 1200-ზე მეტი ობიექტი, რომელსაც უკრაინის მთავრობა ყირიმის ანექსიის გამო ვეღარ აკონტროლებს, რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილი გახდება.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა რუსეთი 1994 წელს დადებული ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევაში დაადანაშაულა. აღნიშნული დოკუმენტი უკრაინასთან მიმართებაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ითვალისწინებს და რუსეთს ავალდებულებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.