უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის მეორე პირი საქართველოში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პირველი ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტორი, რომ ორ ქვეყანას ოკუპაციის სახით საერთო გამოწვევა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით კი საერთო მიზანი აერთიანებთ. დღეს თბილისიდან მოსკოვის და ბრიუსელის მისამართით არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაისმა. გადაწყდა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსი სამხედროების გაყვანის და დევნილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციებს უკრაინის სახით თანაავტორი ეყოლება. ორი ქვეყნის პრემიერები სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ. პრიორიტეტად დასახელდა სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და ენერგეტიკული უსაფრთხოება. უკრაინის პრემიერს თან ახლავს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამო თითქმის ერთი წელი ქვეყნიდან გამოწვეული იყო.