თითქმის ორ თვიანი დაყოვნების შემდეგ, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს. 65 ადამიანი, ქართველმა სამართალდამცველებმა, მოლდოვურ და უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობით, უკრაინაში, მოლდოვის გავლით დააბრუნეს. ციხეებიდან დეპორტირებული უკრაინელების საქართველოს საზღვართან ეტაპირება რუსულმა მხარემ ივნისში დაიწყო. შედეგად ნეიტრალურ ზონაში 87 ადამიანი მოგროვდა. შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო, მათი მესამე ქვეყანაში გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე ნეიტრალურ ზონაში 20-მდე დეპორტირებული უკრაინელი რჩება, სამშობლოში მათ დასაბრუნებლად მუშაობა დაწყებულია.