უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია - უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის ხმაურიანი განცხადება და ოფიციალური კიევის პოზიცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამო განმარტების გაკეთება უკვე უკრაინის პირველ დიპლომატს უწევს.

დმიტრო კულებას რამდენჯერმე მოუხდა იმის ხაზგასმა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირი არ არის და შესაბამისად, მისი მოსაზრება ქვეყნის პოზიციას არ გამოხატავს. დიპლომატიური უხერხულობა ამჯერად ექს-პრეზიდენტის იმ განცხადებამ შექმნა, რომლის მიხედვით საქართველოში პრორუსული ხელისუფლების დამარცხება ოფიციალური კიევის ინტერესებშიც შედის. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმების გაცხადების გამო უკრაინის ელჩს ზალკალიანის უწყებაში უკვე რამდენჯერმე მოუხდა მისვლა, თუმცა ექს-პრეზიდენტის რიტორიკა მაინც არ იცვლება. შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის მზადება ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილად გამოცხადებულმა სააკაშვილმა დღესაც დააანონსა.