უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება

კიევ-პეჩერის ლავრა იქნება სახელმწიფო მუზეუმი, სადაც მსახურება უკრაინის კანონების შესაბამისად ჩატარდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა. ალექსეი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სამუზეუმო კომპლექსის ბედს სახელმწიფო გადაწყვეტს და არა ცალკეული პირები. ამასთან, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმებას ვადა გუშინ ამოუწურა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.