უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან. თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინა დღეს მხოლოდ თავისუფალი სამყაროსთვის ბრძოლის სიმბოლო არ არის, არამედ აუცილებლად გახდება გამარჯვების სიმბოლოც.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ქართველები და უკრაინელები კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ფასს. უკრაინას ექნება მშვიდობა და „ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში“ – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.