უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა. მანამდე, 21 თებერვალს, მან ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ეს დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდ შეიარაღებულ კონფლიქტად ფასდება. ომის დაწყებამდე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 7%-ს აკონტროლებდა, მათ შორის ყირიმს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილს. დღეისთვის კი, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთს ტერიტორიის 19%-ი უკავია. კრემლი ოფიციალურ სამხედრო დანაკარგებს არ აქვეყნებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებებით, ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს მილიონ ორასი ათასამდე დაღუპული და დაჭრილი ჰყავს. იმავე პერიოდში უკრაინის მხარეს 500-ი ათასიდან 600 000-მდე დაღუპული და დაჭრილია. გაერო-ს მონაცემებით, მათგან 15 000-ზე მეტი სამოქალაქო პირია. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.
ამჟამად შეერთებული შტატების შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ტერიტორიებისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე, მხარეები ჯერჯერობით ისევ ვერ თანხმდებიან.