უკრაინაში სამხედრო სწავლების დროს ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა
  • უკრაინაში სამხედრო სწავლების დროს ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა. დაღუპული პილოტებიდან ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ინციდენტი ვინიცის ოლქში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მოხდა. ავიაგამანადგურებელი სუ-27 დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. ვინიცის ოლქში 8-19 ოქტომბერს საავიაციო სწავლებები „მოწმენდილი ცა-2018“ იმართება. უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მასში მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ჯარისკაცებიც იღებენ. მათ შორის არიან ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
  • პეტრო პოროშენკო კიევში კონსტანტინეპოლის ეპარქიების ეგზარხოსებს შეხვდა.
  • საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მაიკ პომპეოს თქმით, ახლო აღმოსავლეთის სამეფოს პრინცთან პირდაპირი და გულახდილი საუბარი ჰქონდა.
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ. ეს განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მდივანმა, იგორ იაკიმჩუკმა გააკეთა. მისი თქმით, მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აკრძალვას არ დაემორჩილებიან, ვალდებულები იქნებიან, აღსარება ჩააბარონ და ცოდვა მოინანიონ. ანალოგიურ ქმედებაში შემჩნეულ მღვდელმსახურებს კი, საეკლესიო სასჯელი ელით. კერძოდ, მათ დროებით ან სამუდამოდ აუკრძალავენ ღვთისმსახურებას ან ეკლესიიდან განკვეთენ. იმ ტაძრებს შორის, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ლოცვა აკრძალული იქნება, არის მართლმადიდებლური ეკლესიები სტამბოლში და ერთი ტაძარი ანტალიაში. აკრძალვა ასევე შეეხება რამდენიმე ეკლესიას კრეტაზე, დოდეკანისზე (მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 12 კუნძული), როდოსსა და ათონის მთაზე.