უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე შაჰიდის დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად, სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ელევატორი და ადმინისტრაციული შენობა, ასევე, დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული სამხედროების მხრიდან დაბომბვის შედეგად დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. რუსულმა მხარემ ცეცხლი ქალაქ სევერსკს გაუხსნა. ასევე, უკვე მეორე დღეა, მარიუპოლის რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების შედეგად რეგიონში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში სამომავლო საერთაშორისო კომუნიკაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას ბრძოლის ველზე დიდ დახმარებას უწევს.