უკრაინაში „კომენდანტის საათის“ მოქმედება გაახანგრძლივეს - #მოამბეუკრაინიდან

კიევმა მორიგ მძიმე ღამეს გაუძლო და ახალი შეტევის მოლოდინშია. ქვეყნის დედაქალაქის მერის განცხადებით, დილიდან კიევში შეღწევას რუსეთის დივერსიული ჯგუფები ცდილობდნენ, მოხდა მათი განეიტრალება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ვინაიდან არსებობდა უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების მოლოდინი, პუტინს გაცემული ჰქონდა სამხედრო დაჯგუფებების წინსვლის შეჩერების ბრძანება, თუმცა, ვინაიდან კიევმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება.

უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, მტრის მთავარი სამიზნე სწორედ კიევია. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ქვეყნის დედაქალაქის ალყაში მოქცევას. ვრცელდება ცნობები, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები მოქმედებენ ქალაქის ტერიტორიაზე. მიღებულია გადაწყვეტილება „კომენდანტის საათის“ პერიოდის მოქმედების გახანგრძლივებაზე. კიევის ქუჩებში გადაადგილება 17:00 საათიდან 08:00 საათამდე იკრძალება. ყველა, ვინც ამ პერიოდში იქნება ქუჩაში, ჩაითვლება რუსეთის დივერსიული ჯგუფის წევრად. განცხადება ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

რა ვითარებაა ამ წუთისთვის კიევში – ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას, პირდაპირ კავშირზე რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე გამოდიან.