უკრაინამ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ ბროვდი ავრცელებს. მისი თქმით, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე სადისპეჩრო სადგურზე. ამ ობიექტს ბელარუსიდან რუსეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმების შესახებ ბროვდიმ ინფორმაცია 29 აგვისტოსაც გაავრცელა. ამის გამო, უნგრეთის მთავრობამ ბროვდის, რომელიც წარმოშობით უნგრელია, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ 7 სექტემბერს დრონებით თავდასხმა მოხდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე. შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაშავებულები არ არიან. დრონებით იერიში ასევე განხორციელდა ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებში, სადაც არიან დაშავებულები. რუსეთის რეგიონებზე უპილოტოების თავდასხმის დროს დროებით შეჩერებული იყო ვოლგოგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის და, ასევე, მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 7 სექტემბერს საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ცხრა რეგიონში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის აკვატორიაში 69 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.