უკრაინა ომის საფრთხის წინაშე

უკრაინა ომის ზღვარზეა – საერთაშორისო საზოგადოების მთელი ძალისხმევა ახლა რუსული აგრესიის შეკავებისკენაა მიმართული. მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან ახალ სამხედრო შენაერთებს ამატებს – პროგნოზები მძიმეა. კრემლის მოქმედებების პასუხად, დასავლეთი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს. ამერიკის სამხედრო დახმარების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებას ზრდის ნატო, ორგანიზაციის მოკავშირეებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ.

მოლაპარაკებების უშედეგო რაუნდების შემდეგ, ვაშინგტონი უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის მოლოდინშია – სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებით, უკრაინას ტოვებენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრები. მსგავსი ნებართვა გაიცა საელჩოში დასაქმებულთა ნაწილზეც.

მოსკოვი ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან საკუთარ ულტიმატუმებზე ისევ წერილობით პასუხს ითხოვს, თუმცა, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ნატო და აშშ კატეგორიულად გამორიცხავს. ამიტომ საფრთხე, რომ რუსეთი 2014 წლის სცენარს გაიმეორებს, ყოველდღე იზრდება.