უკრაინა კვლავ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს 

ვივამედის“ პალატიდან საკანში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ექცევა.

საკუთარი მოქალაქის ოფიციალური კიევისთვის გადაცემას მიხაილო პოდოლიაკი ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე  წარსულშიც არაერთხელ საუბრობდა, აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავრობას, იგივე მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. საუბარია კიევში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სააკაშვილის სამედიცინო მიზნებით გადაყვანის აუცილებლობაზე. რა კონკრეტული სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება მკურნალი ექიმის დადებითი დასკვნის  საფუძველზე, კლინიკიდან გაწერილ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინელი მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს. თუმცა იმავე ინტერვიუში საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ოფიციალურ თბილისს მოსკოვთან კავშირში ადანაშაულებს.

უკრაინელი მაღალჩინოსნის ბრალდებები ახალი არ არის მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკს უკრაინის შიდა საქმეებზე აქცენტირებას ურჩევენ და იმ სისხლის სამართლის საქმეებს ახსენებენ, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის.