უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები ბათუმში
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. პრობლემურ მისამართებზე ბათუმის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკაა მობილიზებული.
დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით, 50-მდე ზარი დაფიქსირდა. ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება და გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებიც.
რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, სადაც შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მარშრუტების ცვლილება გახდა აუცილებელი. უსაფრთხოების მიზნით, ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს.