უხვი ნალექი სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულდა. დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ტექნიკური მარილი იყრება. ადგილებზე 15-მდე ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგია დილიდან არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.