უხვი ნალექი დედაქალაქში – დაზიანებული მშენებარე ობიექტი
ჩამოშლილი მიწა საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად – მარიჯანის №4-ში ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მძიმე კვალი დატოვა. საუბარია ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ 2004 წელს კომპანია „ცენტრ პოინტს“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აეშენებინა. კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება სამშენებლო კომპანია „ნექსთ დორს“ დაევალა, თუმცა კარკასის დემონტაჟის შემდეგ სამუშაოები ამ კომპანიამაც შეწყვიტა. პრობლემას ართულებს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ობიექტთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივების ევაკუაციის საჭიროება არ დგას. მერიამ სამშენებლო ობიექტის მფლობელი კომპანია ფერდის ჩამოშლის გამო სოლიდური თანხით დააჯარიმა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაავალა – ტერიტორიის გამაგრება ჯერ არ დაწყებულა.