ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა. მეწყერმა და ღვარცოფმა ადიგენის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ორი სახლი მთლიანად განადგურებულია. ასევე საცხოვრებელი შენობები დაზიანებული და დატბორილია რამდენიმე სოფელში, რის გამოც მოსახლეობა ტერიტორიიდან გაყვანილია. სტიქიის შედეგად დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ გომაროში შვიდი ოჯახი დაზარალდა. ერთი სახლი ღვარცოფული მასით თითქმის სრულად დაიფარა. სახლებში დაზიანდა და განადგურდა ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე, დაზიანებულია ათამდე ავტომობილი. დაზარალებული ოჯახები მეზობლებთან არიან გადანაწილებული. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძლიერი წვიმა გუშინ, საღამოს 18:00 საათისთვის დაიწყო, რის შემდეგაც მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ დამხმარე ნაგებობები და ღობეები დაანგრია და სახლებში შევარდა. სტიქიამ მოსახლეობა ასევე დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაში, სადაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი მიდის და ინფორმაციას შემდეგ გამოშვებებში მოგაწვდით.