უკანონო მოქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან

სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებს გმობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რომ ქმედითი ზომები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.

უკანონო ე.წ. საზღვრის გავლება საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთთან დილიდან დაიწყეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაინახა, როგორ ამონტაჟებდნენ ოკუპანტები ბოძებს. ამ დროისთვის დაახლოებით ოცამდე ბოძია დამონტაჟებული. საქართველოს უსაფრთხების სამსახურის განცხადებით, უწყების მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომდევნო კვირაში თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვლენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რომლებიც მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.