რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტის დაფიქსირებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“.
მომხდარზე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ოფიციალური თბილისი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს.