უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცთან

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.

რუსი სამხედროები ამჯერად ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან გამოჩნდნენ. ეს არის დასახლება, რომელიც ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას ესაზღვრება. დღის განმავლობაში ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო მანქანები რამდენჯერმე დააფიქსირეს.

სუს-ში ადასტურებენ, რომ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო სამუშაოების განახლება და ერთკილომეტრიანი ღობის აღმართვა იგეგმება.

საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების ფაქტს პროვოკაციად აფასებს ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას ითხოვს.

ნინო ფისაძე მუშაობდა თემაზე.