უკანონო ბორდერიზაცია ატოცთან

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან აღმართული ხელოვნური ბარიერები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას ამჯერად დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აკრიტიკებს და მოსკოვს გამყოფი ხაზების დემონტაჟისკენ თბილისიდან მოუწოდებს.

შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც დღეს ატოცში ჩავიდა.

ოფიციალური თბილისი ახლად დამონტაჟებული ბარიერების გაუქმების საკითხს უახლოეს დღეებში რამდენიმე საერთაშორისო ფორმატში დააყენებს. ამ დროისთვის ატოცთან უკანონო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა რუსი სამხედროები პერიმეტრის გასაკონტროლებლად სოფელში რამდენჯერმე გამოჩნდნენ.