უკანონო ბიზნეს საქმიანობა – გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის კავშირებზე მიუთითებს
დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრი.
გამოძიება მას დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვას ედავება. საუბარია გორში ორი წლის წინ გახსნილ არალეგალურ ქარხანაზე, სადაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვება ხდებოდა. დაკავებულია ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრიც. გამოძიებას დღეს არაფერი უთქვამს და უცნობია, არის თუ არა ეს იმ რეზონანსული საქმის გაგრძელება, რომელზედაც ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და კიდევ ექვსი პირია დაკავებული. მითითებულ საქმეშიც გორის არალეგალური ქარხანა და არალეგალურ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად უაქციზო სიგარეტიც ფიგურირებს. კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურა დანაშაულის ერთ-ერთ მტკიცებულებად კანდელაკსა და კიდევ ერთ დაკავებულს, გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს შორის მიმოწერას ასახელებს. ალკოჰოლური სასმელების არალეგალურად დამზადება-რეალიზაციას კატეგორიულად უარყოფს თავად კანდელაკი, რომლის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ადამიანის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე კიდევ ექვს პირთან ერთად წლების განმავლობაში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ინფრასტრუქტურით ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე არალეგალურად აწარმოებდა და ცნობილი უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნებს იყენებდა. კანდელაკთან ერთად საქმის ფიგურანტი კიდევ რამდენიმე ბიზნესმენია.