უგულავას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე ოთხი მოწმე, გამომძიებლები და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაკითხეს. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ ინციდენტს შეესწრო. გიგი უგულავას განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდება დასტურდება.

საპირისპიროა პროკურატურის პოზიცია. მათი თქმით, საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულების შესწავლის ოქმი. ნათია გურულის განცხადებით, თავად ბრალდებული გიგი უგულავა არის წინააღმდეგი, მას ამნისტია შეეხოს, რის გამოც საქმის განხილვები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქმე 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა, თუმცა ისინი თავდასხმაში გიგი უგულავას ადანაშაულებენ.