„უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტი“ ევროკომისიაში

ევროკომისიაში მომზადებული კანონპროექტი საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

საკანონმდებლო ინიციატივამ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული და მასშტაბური პროტესტის ფონზე უკან გაწვეული პროექტის გარშემო დაპირისპირების თემა გააცოცხლა. ევროკომისიაში წარდგენილია „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტსაც მოიცავს. ყველა სუბიექტი, რომლის საქმიანობა მესამე ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება, ვალდებული ხდება, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდეს და ფინანსები საჯარო გახადოს. „ქართული ოცნებისთვის“ ევროკომისიაში ინიცირებული პროექტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული იმ ინიციატივის იდენტურია, რომელმაც მარტში მასობრივი საპროტესტო მღელვარება გამოიწვია და რომლის მიღმა ოპოზიციამ, მესამე სექტორმა და საზოგადოების ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმების და ევროპული კურსის გადახვევის საფრთხე ამოიკითხეს.

ოპოზიციისთვის უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი კვლავ რუსული კანონის ანალოგად რჩება და მასა და ევროკომისიაში წარდგენილ ინიციატივას შორის საკმაოდ დიდ განსხვავებებს ხედავს.