უცხოური დაფინანსების სქემები და პოლიტიკური მიზნები
საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ აქტუალობას არ კარგავს.
უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის მოტივით უკვე დამტკიცებული თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო დისკუსია ამჯერად დიდი ბრიტანეთის გეგმამ გაააქტიურა. გაერთიანებული სამეფო არჩევნებში ჩასარევად უცხოელი აქტორების ფინანსების გამოყენებას ზღუდავს და უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო მზარდი საერთაშორისო საფრთხეების ფონზე – ასეა დასაბუთებული პარლამენტში უკვე შესული ახალი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთ არგუმენტად იყენებს. თუმცა ოპონენტები ქართულ კანონებსა და დიდ ბრიტანეთში ინიცირებულ კანონპროექტს შორის განსხვავებებზე მიუთითებენ. არ წყდება საერთაშორისო კრიტიკაც. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით ცნობილი ლორა თორნტონი აკრიტიკებს. „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ბოლო გამოსვლას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა. საკანონმდებელო შეზღუდვების ფონზე თორნტონმა მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების ახალ სქემებზე ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ მითითებული სქემები სარისკოა.