თბილისში, არაწევრი ქვეყნებისადმი ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულების მორიგ მტკიცებულებად განიხილება რუმინეთის გადაწყვეტილებაც. ქვეყნის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს. რეგულაციის მიხედვით, მესამე სექტორმა დეკლარაცია ყოველწლიურად უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას ან გაუქმებას ითვალისწინებს. რუმინეთი არ არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც გარე ჩარევების კანონდებლობით რეგულირებას ცდილობს. რატომ გახდა საქართველო მწვავე კრიტიკის ადრესატი მსგავსი კანონმდებლობის მიღების გამო – ეს არის კითხვა, რომლითაც ოფიციალური თბილისი ბრიუსელს მიმართავს და ევროპელ ლიდერებს ორმაგ სტანდარტებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.