დონალდ ტრამპის მიერ საათების წინ ხელმოწერილმა ბრძანებამ საქართველოში პროტესტის ფონზე მიღებული კანონის გარშემო დისკუსია გაააქტიურა. აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლები ვალდებულები ხდებიან, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროები და მიზნობრიობა დეტალურად გაასაჯაროონ. გადაწყვეტილება უნივერსიტეტებს ავალდებულებს, საზოგადოებისთვის მათ ფინანსებზე წვდომა გაზარდოს. ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების შინაარსი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმ კანონის მოქმედებისთვის, რომელიც შარშან მასშტაბური გამოსვლების და ვნებათაღელვის ფონზე დამტკიცდა, ცოტა ხნის წინ კი ამერიკაში მოქმედი ე.წ. ფარას ქართული ვერსიით და კიდევ უფრო გამკაცრებული ფორმულირებებით ჩანაცვლდა. პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის ყოფილ ელჩს 2023 წელს წარდგენილი, მოგვიანებით უკან გაწვეული და შარშან ხელახლა ინიცირებული კანონის სტიგმატიზებასა და ყალბ პროპაგანდაში ადანაშაულებს. თუმცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების თემა კვლავ სხვადასხვანაირად ესმით პოლიტიკურ წრეებში. უცხოეთიდან მიღებული ფინანსების და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებები ოპოზიციის მხრიდან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ბერკეტებად განიხილება.