უცხოური დაფინანსების კონტროლი - ახალი ინიციატივა  

შიდა პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკური დევნის აქტად აცხადებს გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით დონორ ორგანიზაციებს გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. მესამე სექტორის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ მმართველი გუნდი დაანონსებული ცვლილებებით საერთაშორისო საზოგადოებას მოქალაქეების დახმარებას უკრძალავს, მედიას და სამოქალაქო სექტორს კი საქმიანობას უზღუდავს. ერთობლივი განცხადებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა, თუმცა კონკრეტული გეგმა დღეს არ გამოცხადებულა. ის, რაც დევნად ფასდება მესამე სექტორში, ფინანსების გამჭვირვალედ მოძრაობის უზრუნველყოფაა „ქართული ოცნებისთვის“, რომლის ლიდერებმა უცხოელ დონორებს არაერთხელ მიუთითეს, რომ მათ მიერ გაცემული თანხებით ძალადობრივი ქმედებების დაფინანსება ხდება. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია იმავე საკანონმდებლო პაკეტის მეორე ნაწილმა, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის სემინარების და ტრენინგების დაფინანსებას კრძალავს.