„უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

ხმაურიანი განხილვა – დღე მეორე. პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

იურიდიულ კომიტეტზე მიღებული მხარდაჭერის შემდეგ რეზონანსულ კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. განხილვა ურთიერთბრალდებების და ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნაა, რომ განხილვები შეწყდეს და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივა უკან გაიწვიონ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან გაჟღერდა სადავო პროექტზე პლებისციტის ჩატარების იდეაც. ტრიბუნასთან ისევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დგას, რომელიც მთავარი მომხსენებელია. ევროპული გზიდან გადახვევა, სტრატეგიული პარტნიორების მტრებად გამოცხადება, სამოქალაქო სექტორზე შეტევა – ასე კითხულობენ ინიცირებული პროექტის მიზნებს ოპოზიციურ ფლანგზე. მმართველმა გუნდმა ცალკეული ოპონენტებისგან გამაფრთხილებელი გზავნილებიც მიიღო. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამჯერად პარლამენტის სხდომათა დარბაზში განმარტავენ, რატომ გახდა საჭირო მასობრივი პროტესტის გამო ერთი წლის წინ უკან გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირება და რა საფრთხეებს ხედავს ხელისუფლება ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებში.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს რამდენიმესაათიან ხმაურიანი განხილვას.