უცხოური დაფინანსება და პოლიტიკური პროცესები

ვაშინგტონის ბოლო გზავნილების კვალდაკვალ მმართველი გუნდი დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის მისამართით განცხადებებს ამკაცრებს.

ხელისუფლება დონორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს ბოლო წლებში საქართველოში დახარჯული თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. გამჭვირვალობისკენ მოწოდებები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ „იუესეიდის“ საგარეო დახმარების პროგრამა დროებით შეაჩერა და მძიმე ბრალდებების ფონზე სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ ლიდერები უცხოური დახმარების სფეროში მავნე პრაქტიკასა და დესტაბილიზაციის დაფინანსებაზე და პროცესში ელჩების ჩართულობაზე მიუთითებენ. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მწვავე გზავნილების პარალელურად ოფიციალური თბილისი ყველა დონორი ქვეყნის მიერ გამოყოფილი თანხების კეთილი მიზნებისთვის დახარჯვას ეჭვქვეშ აყენებს. სახელდება კონკრეტული ფონდებიც. მმართველი პარტიის გზავნილები მმართველობის რუსულ მოდელთან ასოცირდება ოპონენტი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებებს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციად და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვად მიიჩნევენ.