უცხოელი ექსპერტები გელათში

13 წლის განმავლობაში არაერთხელ შეჩერებული რესტავრაციის, მწვავე დასკვნების და მრავალწლიანი ვნებათაღელვის შემდეგ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის პროექტს საპატრიარქო თავიდან იწყებს.

სწორედ საპატრიარქოს ზედამხედველობით დაიგეგმება გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომიტეტმა ადგილზე არსებული ვითარება უნდა შეაფასოს და სასწრაფოდ ჩასატარებელი და გრძელვადიანი სამუშაოები დაგეგმოს. ყველაზე რთული ვითარება ღვთისმშობლის ტაძარშია, სადაც გადახურვის პრობლემის და წყლის ჩასვლის გამო კედლის მხატვრობა დაზიანდა. ბოლო წლებში კედლის მხატვრობის საკონსერვაციოდ ჩატარებული სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი საერთაშორისო და ადგილობრივ დასკვნებში. ბოლო მძიმე დასკვნა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს თხოვნით მოამზადა. სწორედ მას შემდეგ გადაწყდა რეაბილიტაციის პროექტის საპატრიარქოსთვის გადაბარება.