უცხოელი აქტორები და შიდა პოლიტიკა – შეხვედრა საგარეო უწყებაში 

21:34, 07.10.2025

ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსისგან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს. მმართველი გუნდისთვის ცალკეული უცხოელი პარტნიორებისგან დღემდე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი სწორედ თვითმმართველობის არჩევნები და პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრის მცდელობა იყო. შაბათს განვითარებულ პროცესებს „ქართული ოცნება“ ცალკეული დიპლომატების მხრიდან წახალისების შედეგადაც აცხადებს. დღევანდელ შეხვედრაზე მისულ ელჩებს შორის იყო ევროკავშირის წარმომადგენელიც, რომლის პოზიცია იდენტურია იმ განცხადების, რომელიც ბრიუსელიდან ორი დღის წინ გავრცელდა და რომელსაც მმართველი გუნდის საკმაოდ მძიმე რეაქცია მოჰყვა.

აქციებში მონაწილეობა, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ღია მხარდაჭერა, შიდა საქმეებში ჩარევა, უსაფუძვლო სანქციები და კიდევ არაერთი ბრალდება მმართველი პარტიიდან სწორედ ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და ელჩების მისამართით ისმის. უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს „გარე ძალების მხრიდან მხარდაჭერილს და წახალისებულს“ უწოდებს. მძიმე ბრალდებების მიუხედავად ხელისუფლება არცერთი ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრიდან საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ უწყებაში ცალკე, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, თუმცა რას უკავშირდებოდა ამერიკელ დიპლომატთან გამართული დისკუსია, უცნობია.

მსგავსი