უცხოელი აქტორები და ქართული პოლიტიკა 

ბრიუსელთან გამწვავებული ურთიერთობა ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოპოზიცია ევროკავშირის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებულად გამოცხადებაზე და პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიზეზებს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობაში, მმართველი გუნდის რიტორიკაში და მესამე სექტორის თუ ოპონენტების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება, ოპოზიციონერი აქტორები არ გამორიცხავენ, რომ ბრიუსელის შემდეგი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის გადახედვა იყოს. ევროკომისიის ბოლო მწვავე შინაარსის ანგარიშმა ეს მოლოდინები კიდევ უფრო გაზარდა. ხელისუფლება ბრიუსელს უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს და ყველა ბრალდების მთავარ მიზეზად ომის მეორე ფრონტის არ გახსნას ასახელებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ომის არ დაწყების გამო ბრიუსელი ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ამ პროცესში „ქართული ოცნება“ ბრიუსელის მთავარ დასაყრდენად ოპოზიციის ნაწილს აცხადებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპის ცალკეული ქვეყნების პოზიციონირება ოფიციალურ თბილისს საკუთარ პოზიციას კიდევ უფრო უმყარებს.