„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები ამერიკული „ფარას“ ანალოგია. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ.
კანონპროექტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. „ქართული ოცნების“ თქმით, საპარლამენტო განხილვის პროცესში მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა.