„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ აქტის განხილვა

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე. ცვლილებათა პაკეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ფარა-ს ზუსტი თარგმანია. კანონპროექტით განიმარტება აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები. წესრიგდება სუბიექტის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; 16-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ცვლილებების მიღების შემდგომ, უკვე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება იგეგმება.