საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება – საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა კონტროლის მიზნით ცვლილებები ჯამში 18 კანონში შედის. მათ შორის ახლებურად განისაზღვრება არალეგალი მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლის და საქართველოდან გაძევების მექანიზმები. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი სასამართლოს უფლება ექნება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანა დაატოვებინოს. პროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყებაში ცვლილებების საჭიროებას, უკანონო მიგრაციით გამოწვეული საფრთხეების პრევენციით და საპროტესტო აქციების ფარგლებში უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან კანონდარღვევის გახშირებული ფაქტებით ხსნიან. განმარტებების მიუხედავად, დაანონსებულ ცვლილებებს რეპრესიების გაგრძელებად აცხადებს ოპოზიცია. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ცვლილებებს განიხილავდნენ შინაგან საქმეთა მინისტრმა სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 17 ქვეყანასთან მიმართებით სავიზო პოლიტიკა მკაცრდება.