უჩა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში საბჭო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროთა უფროსს, უჩა თოდუას უსმენს.

თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა გასაუბრება სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძესთან. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ინტერესთა კონფლიქტის მოტივით საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ირაკლი შენგელიას თვითაცილებას ითხოვდნენ, რადგან ის კანდიდატის ნათესავია, თუმცა თავად კანდიდატმა და საბჭოს წევრმა ამის საფუძველი ვერ დაინახეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუასთან გასაუბრებაზე კი თვითაცილების საკითხი ანა დოლიძემ დააყენა. მისი თქმით, ის ამ კანდიდატთან მიმართებაში ობიექტური ვერ იქნება, რადგან მის მიმართ მწვავე შეფასებები უკვე გაკეთებული აქვს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო.

გასაუბრების შემდეგ საბჭომ ფარული კენჭისყრით 50-დან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.