ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს პოლიციაში

დაკითხვები დაიწყო. ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვისის-პლიუსის“ ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და წარმომადგენლები. გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსიც. როგორც მერიაში განმარტავენ, შადრევანი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ექსპლუატაციაში იყო მიღებული და მანამდე სატესტო რეჟიმშიც მუშაობდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამოიცვალა კონსტრუქციული ნაწილი და დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემები, მათ შორის ამოფრქვევის სისტემა, შეიცვალა განათებაც. შადრევნის და მცირე კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 6 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯა. დაგეგმილია ექსპერტიზის დასკვნის გამცემ პირთა დაკითხვაც.