უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე

თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კახეთის გუბერნატორმა დაგვიდასტურა.

უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე მოხდა. არსებული  ინფორმაციით, 23-ე კილომეტრზე მიკროავტობუსი დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.

სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა.

შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.