ავჭალის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც 13 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის მერიაში ეხმაურებიან. დედაქალაქის მთავრობა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია. მათივე ინფორმაციით, მობინადრეებს ქირით გაყვანა და „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში“ მონაწილეობა შესთავაზეს, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა უარი განაცხადა. თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა აზუსტებს, რომ ამისთვის მოსახლეობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო.