უბედური შემთხვევა სოფელ რუხში

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.

მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა, 56 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ შეძლეს.

პაციენტი შეყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა. დაღუპული მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდართან დაკავშირებით უკვე ხუთი მოწმე დაიკითხა.