პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე არ მისვლა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მიზეზი გახდა.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოდებიან. სამივე მათგანს პროკურატურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის საქმეზე სასამართლო განხილვა უკვე დაიწყო. ჯარიმა თუ ერთწლიანი პატიმრობა – ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. მანამდე კი ოპოზიციონერ ლიდერს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ხაზარაძე პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს და შესაბამისად, არც კომისიას აღიარებს. ანალოგიური პოზიცია აქვს მის თანაგუნდელ ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლის მიზეზები პროკურატურის ნაცვლად მაგისტრი მოსამართლის წინაშე განმარტა ირაკლი ოქრუაშვილმაც, რომელთანაც კომისიას კითხვები 2008 წლის აგვისტოს ომამდელ პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა.