უამინდობის შედეგები რეგიონებში

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარის სიჩქარემ იკლო, რეგიონში გაზმომარაგება აღდგენილია. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ლანჩხუთის მცირე ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები პრობლემის მოგვარების მიზნით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. რეგიონში ძლიერი ქარის გამო, მოგლეჯილია ხეები, სახურავის გარეშეა დარჩენილი კერძო სახლები, კორპუსები და სხვა შენობები. სამივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა გურიის რეგიონს. ამას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.