უამინდობის შედეგები სამეგრელოში

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან – პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ძლიერმა ქარმა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი და 38 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა ექვსი საბავშო ბაღი.

დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ აღუდგა 60-ზე მეტ სოფელს. დარჩენილ სოფლებს ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღეს აღუდგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კომისიები ზარალს ითვლიან. ზუგდიდში სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სტიქიის შედეგები და დაგეგმილი სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.